ჯორჯაძე
1998 წელს ალექსანდრე (სანდრო) ჯორჯაძის ინიციატივითა და მონდომებით საქართველოში დაარსდა საოჯახო მეღვინეობის კომპანია ვაინმენი.
ჯორჯაძეთა ოჯახი მიეკუთვნება კახელი თავადების გამოჩენილ გვარს. აღსანიშნავია, რომ ამ გვარის რამოდენიმე წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეღვინეობის განვითარებაში. 1909 წელს მოსკოვში გამოცემულ წიგნში „ზოგადი მეღვინეობა“, მეღვინეობისა და მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მ.ა. ხოვრენკო ასახელებს ცნობილ კახელ ღვინის მწარმოებლებს, თავადებს ი.ე. ჯორჯაძეს, ი.ი ჯორჯაძესა და ზ.ა. ჯორჯაძეს.
ქართულ მეღვინეობაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის პირველ ქართველ პროფესიონალ მეღვინესა და ამპეოლოგს, თავად ლევან ჯორჯაძეს, რომელმაც 1876 წელს გამოსცა ამჟამად ბიბლიოგრაფიული იშვიათობად ქცეული მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი პირველი ქართული წიგნი „მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ხელმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლისა.“
ქართულ მეღვინეობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზაქარია ჯორჯაძემ. ღვინის წარმოების უცხოური გამოცდილების დაუფლების სურვილით იგი სასწავლად გაემგზავრა ავსტრიაში, კლოსტერნეიბურგის მეღვინეობის ცენტრში. გარკვეული ხანი იმუშავა დიუბლინგის ღვინის საწარმოშიც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ზაქარია ჯორჯაძემ შეძენილი გამოცდილებისა და ოჯახური ტრადიციების წყალობით შექმნა ქართული ღვინის საკუთარი წარმოება. 1888 წელს მის ქარხანაში დამზადებულმა ღვინომ ბრიუსელში მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ოქროს დიდი მედალი მოიპოვა.
კომპანია ვაინმენ-ის დამფუძნებლის, სანდრო ჯორჯაძის პაპა თავადი ალექსანდრე მიხეილის-ძე ჯორჯაძე (1855-1918), იყო თბილისში თავის დროზე კარგად ცნობილი ღვინის მწარმოებელი. მისი ოჯახური სიამაყე იყო ერთ ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული, დალუქულ საცობიანი თეთრი კახური ღვინო ეტიკეტით „გუნაშაური“. ეს ღვინო მზადდებოდა და ძველდებოდა განსაკუთრებული ოჯახური ტექნოლოგიით, და მიუხედავად შედარებით მაღალი ფასისა თავისი თაყვანისმცემელი და მყიდველები ჰყავდა. 1918 წელს თავადი ალექსანდრე ჯორჯაძე მოკლეს და მისი ქონება ექსპროპრიირებული იქნა.
თავადი ალექსანდრე მიხეილის-ძე ჯორჯაძე ოჯახთან ერთად